Ⴋან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად:
Ⴠკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ-აღუპყრობელად,
Ⴆოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად.
Ⴋეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა;
Ⴋან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა,
Ⴐაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა,
Ⴉაცი კაცსა შემოსტყორცა, როსტან ამად ივაგლახნა.
Ⴘესხდეს მეფე და Ⴀვთანდილ მის ყმისა მისაწეველად.
Ⴈგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად,
Ⴒაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად,
Ⴘეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.
Ⴐა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა.
Ⴋასვე წამსა დაიკარგა, – არ უნახავს თვალსა ჩვენსა, —
Ⴠგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა;
Ⴄძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.
Ⴉვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,
Ⴀგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა;
Ⴊაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
Ⴋეფემან ბრძანა: «Ⴅნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა».
Ⴁრძანა: «Ⴖმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება,
Ⴀმად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება,
Ⴑიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება.
Ⴋასვე მადლი! Ⴄსე იყო წადილი და მისი ნება».
Ⴄსე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა,
Ⴀრცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა;
Ⴗველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
Ⴆოგთა თქვეს, თუ: «Ⴋართალია», ზოგი: «Ⴖმერთო!», უზრახვიდა.
Ⴋეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;
Ⴋისგან კიდე არვინ შეჰყვა, Ⴀვთანდილ უჩნს ვითა შვილი.
Ⴗველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი.
Ⴂაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.
Ⴇინათინს