Ⴀმა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,
Ⴗურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა;
Ⴋეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა;
Ⴇინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.
Ⴋოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი,
Ⴓბრძანა: «Ⴙემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,
Ⴋომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი».
Ⴋოართვეს. Ⴂასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.
Ⴋას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა,
Ⴐომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.
Ⴋერმე ბრძანა: «Ⴅიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა,
Ⴙემსა ნუვინ ნუ დაჰმალავს საჭურჭლესა დადებულსა».
Ⴓბრძანა: «Ⴜადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია!
Ⴀმილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!»
Ⴋოიღეს, გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია.
Ⴊარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.
Ⴀლაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა,
Ⴋას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა;
Ⴐომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა,
Ⴀრ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.
Ⴃღე ერთ გარდახდა; პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა,
Ⴌადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა;
Ⴋეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა.
«Ⴌეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?», შექმნეს ამისი ცილობა.
Ⴇავსა ზის პირ-მზე Ⴀვთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია,
Ⴑპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია;
Ⴅაზირი ბერი Ⴑოგრატი თვით მასთანავე მჯდომია.
Ⴇქვეს, თუ: «Ⴐა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?»
Ⴇქვეს, თუ: «Ⴋეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა,
Ⴇვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა».
Ⴀვთანდილ თქვა: «Ⴑოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, რადმცა შეგვეცილა?
Ⴅჰკადროთ