Ⴋიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა,
Ⴑიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა,
Ⴄნა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
Ⴅისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.
Ⴋიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
Ⴋიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
Ⴈგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი,
Ⴌუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა! Ⴂესმას ჩემი ნაუბარი!
Ⴞამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,
Ⴐა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,
Ⴂული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;
Ⴋძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.
Ⴀმა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:
Ⴃღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;
Ⴄსე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა, ყმაწვილობასა.
Ⴉარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.
Ⴀრს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა,
Ⴇავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,
Ⴘორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა,
Ⴃათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.
Ⴞამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,
Ⴀრ ბედითად «ჰაის» ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,
Ⴀრსით უჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,
Ⴋისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.
Ⴋას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს?
Ⴀმის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს.
Ⴐათამცაღა ასახელა, რა სიტყვითა მოაყივნოს?
Ⴐა ჰგავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!
Ⴋიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:
Ⴅინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარსა, მისთვის წყლულსა?!
Ⴇუ არ უყვარს, რად არა სძულს? Ⴐად აყივნებს,