Ⴓჩვენა მისი სადგომი: «Ⴋიდითო ნება-ნებასა,
Ⴙრდილსა გარდასვით, მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა».
Ⴄსე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა,
Ⴅითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა,
Ⴀნ მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა.
Ⴃაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.
Ⴋიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს:
«Ⴑაუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!
Ⴞამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,
Ⴀრ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.
«Ⴐათგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად,
Ⴐომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად,
Ⴋივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად,
Ⴀნუ მომკლავს, ანუ მოვჰკლავ, დაიმალვის მეტის-მეტად»
Ⴀვთანდილ იტყვის: «Ⴄზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი?
Ⴐაცაღა არის, არა არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი;
Ⴑადაცა მივა, მივიდეს, რაზომმც მოვლოდეს ზღუდენი,
Ⴋუნითგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი».
Ⴜინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი,
Ⴃღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამენი.
Ⴀრსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი.
Ⴋათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.
Ⴃღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი,
Ⴉლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი,
Ⴜყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი,
Ⴞე დიდრონი, თვალ-უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.
Ⴋან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი კლდენია;
Ⴀვთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია,
Ⴋას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია,
Ⴋუნით უჭვრეტდა. Ⴈგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.
Ⴐა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა,
Ⴕვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა