Ⴘამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა;
Ⴀვთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა,
Ⴇქვა, თუ: «Ⴖმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა
«Ⴀწ ამას ჩემთვის Ⴖმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო?
Ⴕალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო,
Ⴙემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო,
Ⴋას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო»
Ⴀმბავი Ⴀვთანდილისა, Ⴀსმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
Ⴙამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული,
Ⴆედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დახვდა კარ-განხმული.
Ⴋუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული,
Ⴄგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.
Ⴅერ იცნა, – სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა, —
Ⴔიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა;
Ⴗმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა;
Ⴞმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.
Ⴋას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა,
Ⴅითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა,
Ⴒარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა,
Ⴀვთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.
Ⴄტყოდა: «Ⴑულე! Ⴐამც გიყავ? Ⴉაცი ვარ, ადამიანი,
Ⴓფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი,
Ⴋისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი?
Ⴑხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი».
Ⴕალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა:
«Ⴇუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა!
Ⴀწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა;
Ⴚუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა».
Ⴉვლა ეტყვის: «Ⴗმაო, რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა?
Ⴋაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა.
Ⴘენ ერთხელ მეტყვი, «Ⴋითხარო», მე ასჯერ გეტყვი «Ⴅერასა»,
Ⴅითა